საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით №17 საჯარო სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ჩატარდა ტრენინგი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქუთაისის ოცდაერთი საჯარო სკოლის V კლასის პედაგოგებისათვის (ტრენერი ქუთაისის №31 საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ავთანდილ ცნობილაძე). ტრენინგზე განიხილეს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან (ისტ) დაკავშირებული ძირითადი კომპეტენციები და საკითხების ჩამონათვალი. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების ძირითადი მიზანია ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე, ეთიკური და კანონმორჩილი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, მის დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას - იმ მიზნით, რომ გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ; თავად შექმნას ღირებულებები და საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში.